საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმებას სხვადასხვა საერთაშორისო, გავლენიანი მედიასაშუალება ეხმაურება.
გამოცემა Bloomberg წერს, რომ ციხეში მოშიმშილე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართავს და დახმარებას სთხოვს, რადგან პოსტსაბჭოთა ქვეყანამ 18 წლის წინ არჩეულ ევროპულ გზას გადაუხვია.
სტატიაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე 49 დღეა შიმშილობს და არაფერს ჭამს. მათივე ცნობით, 53 წლის მესამე პრეზიდენტმა დღის განმავლობაში გონება დროებით დაკარგა, თუმცა ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია.
Euronews კი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხუთშაბათს წაიქცა და გონება დაკარგა მაშინ, როცა მასთან ციხეში ადვოკატები იყვნენ შესული. მათივე ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია. გამოცემა იუწყება, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და გლდანის ციხეში მისი სამედიცინო საჭიროებები არ დაკმაყოფილდება.
მათივე ინფორმაციით, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და მასზე ინტენსიური ზრუნვის რეკომენდაცია გასცეს, თუმცა ამაზე მთავრობა უარს ამბობს. Euronews წერს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაბრუნდა იმისთვის, რომ უკრაინაში, დევნილობაში წლების გატარების შემდეგ, ოპოზიციის მხარდაჭერა გაეძლიერებინა.
გამოცემა ABCnews-იც, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შვიდკვირიანი შიმშილობის შემდეგ გონება დაკარგა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესებას ეხმაურება Deutsche Welle-ც. გამოცემა წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მან ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის საკაცით გაიყვანეს, მასთნ კი მისი უფლებადამცველი, ნიკა გვარამია დარჩა.
"ის იმსახურებს ბაიდენის ადმინისტრაციის ყურადღებას" - ასე ეხმაურება გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Washington Examiner მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.
გამოცემა წერს, რომ ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებამ სხვა ქართველი პოლიტიკოსები მის მხარდასაჭერად მსგავსი ქმედებებისკენ "აიძულა". მათ შორის, პროდასავლელი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია უკვე ორი კვირაა შიმშილობს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. სტატიაში აღნიშნულია, რომ როგორც ამბობენ, გაუარესდა ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
"როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის მიერ შავ ზღვაში აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო ხომალდების მასპინძლობის გამო, ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ სააკაშვილის მოპყრობის უფრო ძლიერმა დაგმობამ შეიძლება გამოიწვიოს თბილისის მიერ, უფრო მეტად პრორუსული პოზიციის არჩევა. ეს არის შეცდომა. ქართველები შეერთებულ შტატებისგან მოელიან ლიდერობისთვის და საქართველოს მთავრობის მიდგომა ნათელია: ის უკვე ამჯობინებს რუსულ კრონიზმს დასავლეთთან სერიოზული ჩართულობის ნაცვლად. ივანიშვილი კანონის უზენაესობას არ სცემს პატივს. ქართველებს სჭირდებათ და იმსახურებენ აშშ-ის მორალურ ლიდერობას და მხარდაჭერას", - ნათქვამია სტატიაში.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.
მოგვიანებით, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამჟამად მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.