
"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კატასტროფული, თუმცა საყურადღებოა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ხუნდაძე გლდანის ციხის დატოვების შემდეგ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
შევთანხმდით, რომ ყველა საჭირო კვლევა, ეს იქნება ინსტრუმენტული, ლაბორატორიული თუ სხვა, რა თქმა უნდა, არაფერზე არ უნდა ითქვას უარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საზიანოდ. შეფასდება კონკრეტული საკითხები, რისი გაკეთება შეიძლება ადგილზე, რისი გაკეთება შეიძლება იმის ხარჯზე, რომ დაემატოს რესურსი, მაგრამ თუ საჭიროება დადგა, მისი გადაყვანის სხვა კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არც ამაზე ვიტყვით უარს, მაგრამ აქვე, უნდა დაგვეხმარონ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებიც, რომელთა ნაწილი თავისი შეძახილებით ახალისებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ შეწყვიტოს შიმშილობა - შესაძლოა და მრჩება ეჭვი, რომ ზოგიერთის ინტერესში შედის ვითარების კიდევ უფრო მეტად დამძიმება, ამიტომ, ყველამ უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთადერთ მნიშვნელოვან დაზღვევაზე გადის, მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი მსჯავრდებულის, ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული. ყველაზე მეტად დღეს ჩვენს ინტერესშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას დაცული, - ამბობს ხუნდაძე.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.
მოგვიანებით, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამჟამად მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.