
მაშინ, როცა მესამე პრეზიდენტი რეანიმაციაში იყო მოთავსებული "ქართულ ოცნებას" დეპუტატების ნაწილი ისევ ამბობდა, რომ ჯერ უნდა გადაამოწმონ ნამდვილად დაკარგა მან გონება თუ არა. უმრავლესობის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას თავად მოშიმშილე ყოფილ პრეზიდენტს აკისრებს.
დეპუტატმა ბექა დავითულიანმა მას გონზე მალე მოსვლა უსურვა.
"რაც მიშასთვის იქნება კარგი, როგორც პაციენტისთვის, ის უნდა გავაკეთოთ. სრულიად ვიზიარებ პროფესიულ შეხედულებას ექიმების, მე ვარ ექიმი ჯერ და მიშა ამ შემთხვევაში არის პაციენტი და უნდა ყველაფერი გავაკეთოთ პაციენტის სასარგებლოდ.
ის რაც ქვეყანაში ხდება ცუდიც და კარგის ხელისუფლება ამაში არის თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი. მეორე, სრული თანხმობა ყველა დონეზე, ადამიანის ჯანმრთელობა უპირატესია და ყველაფერი ის, რაც სამედიცინო ჩვენებით იქნება განპირობებული ის უნდა გაკეთდეს", - თქვა ლადო კახაძემ.
გლდანის ციხის დატოვების შემდეგ საგანგებო განცხადება გააკეთა დავით სერგეენკომ, რომელმაც თქვა, რომ გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში ამ საათების განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.
დიმიტრი ხუნდაძე კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული არა, თუმცა საყურადღებოა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 ნოემბერს დამძიმდა. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი "მოწყვეტით დაეცა" და გონება დაკარგა. ბოლო ინფორმაციით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.