
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა ხელისუფლების სხვა ვერსიებთან შედარებით ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო.
როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, ეს იყო გადარჩენის მცდელობა მმართველი გუნდის მხრიდან, რათა საერთაშორისო იმიჯი ბოლომდე არ გაენადგურებინათ.
"გორის ჰოსპიტალში გადაყვანა ცხადია, საბოლოო ჯამში იყო ერთადერთი და უფრო კეთილგონიერი ნაბიჯი, ვიდრე ყველა სხვა ვერსია, რომელიც ხელისუფლებამ გააჟღერა. ეს იყო გადარჩენის მცდელობა, შეენარჩუნებინათ სახე და არ დაეკარგათ აბსოლუტურად საერთაშორისო იმიჯი", - აღნიშნა ადვოკატმა.
რაც შეეხება სამართლებრივ ბრძოლას, უფლებადამცველი ამბობს, რომ მაქსიმალურს გააკეთებენ, რათა ყველამ დაინახოს, რამდენად აბსურდულია მესამე პრეზიდენტის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება.
"თავად პრეზიდენტიც ამბობდა და მეც ამ აზრზე ვარ, რომ შიმშილობაც, გორის ჰოსპიტალში გადაყვანაც, ეს არის მხოლოდ პატარ-პატარა საშუალებები მთავარი მიზნის მისაღწევად, რომელიც გახლავთ საქართველოს დემოკრატიულ და ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოების გზაზე დაყენება. ამ რელსებზე ქვეყნის გადასასვლელად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, მათ შორის სამართლებრივი კუთხით ადვოკატები. უახლოეს მომავალში შევეცდებით, რომ მაქსიმალურად იმ სასამართლო პროცესებზე, რომელიც გაიმართება, იქნება ეს შიდა სასამართლოები თუ საერთაშორისო ტრიბუნალები, ყველას დავანახოთ იმ ბრალდებების აბსურდულობა და წმინდა პოლიტიკური შინაარსი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს უყენებენ", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, 50-დღიანი შიმშილობის და მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სახელმწიფო კონსილიუმი დღეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროტოკოლს შეიმუშავებს.