საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს სავარაუდოდ, მისი უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი მოინახულებს. უფლებადამცველი ხელისუფლებამ ამჯერად ქვეყანაში შემოუშვა და ის ახლა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესასვლელად ექიმებისა და ბადრაგის ნებართვას ელოდება.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. მან საქმეში ევროკავშირის ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
"საქართველოში ჩამოსვლის მეორე მცდელობა იყო და კარგია, რომ შემოგვიშვეს. მე ვთვლი, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, რადგან უკრაინაში მსგავსი ბრალდებით ციხეში არავინ ზის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს შევხვდე და სამომავლო გეგმებზე დაველაპარაკო.
მის დასახმარებლად სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს, მაგრამ მასთან შეხვედრის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. შეგვიძლია მის საქმეში ევროკავშირის ქვეყნები ჩავრთოთ, რადგან არ შეიძლება, რომ პოლიტიკურ საქმეში მხოლოდ ერთი ან ორი სახელმწიფო დახმარებით მიაღწიო დახმარებას. იმედი მაქვს, რომ საავადმყოფოში შესვლას და მის მონახულების უფლებას მომცემენ", - თქვა ევგენი გრუშოვეცმა.
უკრაინელ უფლებადამცველს მესამე პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა დღეს პირველად ეძლევა. ის თბილისში რამდენიმე კვირის წინაც ჩამოფრინდა, თუმცა მაშინ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს და უკან გააბრუნეს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო კონსილიუმის ექიმები შევიდნენ. ისინი დღევანდელი კვლევების შედეგებს გაეცნობიან და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გააკეთებენ განცხადებას.
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის ჰოსპიტალთან იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილიც, რომელსაც გუშინ მესამე პრეზიდენტთან შესვლის უფლება არ მისცეს.