ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რამდენად მართალია მიხეილ სააკაშვილი - ადვოკატი 29 ნოემბერს ჩანიშნულ პროცესზე

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მისი უფლებადამცველები მივიდნენ. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან 29 ნოემბერს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე ისაუბრებენ. 

მისი თქმით, დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რამდენად მართალია მიხეილ სააკაშვილი. 

"29-ში არის პროცესი და ამასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვემზადებით. მართალია, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა გაუქმებულია, სასამართლო თავიდან ბოლომდე ექვემდებარება "ქართული ოცნებისგან" მიღებულ დირექტივებს, ბიძინა ივანიშვილის პირად კაპრიზებს, თუმცა ვაპირებთ, რომ ყველა სამართლებრივი მექანიზმი, ბერკეტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რამდენად მართალია მიხეილ სააკაშვილი. ამაში ქართველი ხალხის ისედაც დარწმუნებულია და ჩვენა ეს ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულმა ემპათიამ", - აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტთან პოლიტიკოსების არშეშვებას, ბექა ბასილაია ამბობს, რომ ხელისუფლება მათ დაბრკოლებებს ხელოვნურად უქმნის, რათა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეზღუდოს. 

"ჩვენ ვხედავთ, როგორ პოლიტიკურ იზოლაციონიზმს უწყობს მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება. დეპუტატებს აქვთ სრულიად კანონიერი უფლება, შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს როგორც ხვდებოდნენ მე-12 და მე-18 დაწესებულებებში. არაკანონიერად, დაუსაბუთებლად, მხოლოდ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეზღუდოს, ხდება დაბრკოლებების შექმნა", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას განაგრძობს. მდგომარეობა ამ დროისთვის შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა, ის თავს ისევ სუსტად გრძნობს და გადაადგილება უჭირს.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, მკურნალობაზე უარს იტყვის. ექიმები კი ამბობენ, რომ იმ შემთვევაში, თუ მესამე პრეზიდენტი რეაბილიტაციის კურსს შეწყვეტს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი