სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ძველი მოწვევის საკრებულოები ბიუჯეტს იმიტომ ამტკიცებენ, რომ "ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში დრო არ დაიკარგოს".
როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტი სჭირდებათ, რომ მერიებმა მოსახლეობის საჭიროებებზე "24-საათიან რეჟიმში იმუშაონ".
"იურიდიულად ეს პროცესი არის გამართული, იმიტომ, რომ ახალი საკრებულოები მუშაობას შეუდგებიან მხოლოდ 3 დეკემბრიდან. შესაბამისად, ძველი საკრებულოები ამ მომენტში კარგავენ თავის უფლებამოსილებას. ძველი საკრებულოები ამტკიცებენ ბიუჯეტს იმის გამო, რომ დრო არ დაიკარგოს. პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის კიდევ უფრო მაღალი ტემპი უნდა გვქონდეს 2022 წელს. ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ დაკარგოს ერთი წამიც კი. ამიტომ თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე სჭირდება ბიუჯეტები იმისთვის, რომ მერიებმა ხალხის საჭიროებებისთვის იმუშაონ 24 საათი", - თქვა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, ბათუმსა და ზუგდიდში დღეს საკრებულოს სხდომები გაიმართა, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ოპოზიციის დეპუტატები სხდომებზე არ დაუშვეს, ხოლო ისინი, ვინც შესვლა მოახერხა, შენობებიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. გარდა ამისა, პოლიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან და ზუგდიდის საკრებულოსთან საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
ამავე თემაზე: