ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის დის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოჯახის წევრებს ფუტკარაძის ტელეფონი მოსთხოვეს. ნაზი ფუტკარაძის თქმით, გამოძიება ნუგზარ ფუტკარაძის შვილს დაუკავშირდა.
ამის შესახებ ნაზი ფუტკარაძემ "მთავარი არხის" გადაცემაში "მთავარ დებატებში" ისაუბრა.
"მივიტანთ ამ ტელეფონს ხვალისთვის, ოღონდ არ გვაქვს იმედი, რომ სანამ ესენი სათავეში არიან, მოძალადე ხელისუფლება, თავიანთ საწინააღმდეგოდ რამეს გამოიძიებენ",- თქვა ნაზი ფუტკარაძემ.
ნაზი ფუტკარაძე გადაცემაში ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნუგზარ ფუტკარაძის საქმის ფიგურანტებმა ქვეყანა დატოვეს. ნაზი ფუტკარაძის თქმით, მათ ქვეყანა რიჟვაძის ხელშეწყობით დატოვეს.
"ეს გავრცელებული ინფორმაციაა, რომ დატოვეს საქართველო. ეს ასლან აბაშიძის დროინდელი დიდი თანამდებობის პირები არიან, ალბათ ჩათვალეს, რომ ჩემ ძმას ან დააშინებდნენ, ან გავლენაში მოაქცევდნენ, ამიტომ მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ ეს ორი ადამიანი გაეგზავნათ. მამა- შვილი რიჟვაძეები არიან მთელს ბათუმში და აჭარაში, რომ განაგებენ ზეწოლას",-თქვა ნაზი ფუტკარაძემ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლითაც დასტურდება, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
ფუტკარაძის წასვლით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა დაეშლებოდა. ჩანაწერები თავად ფუტკარაძემ გააკეთა და გიორგი კირთაძეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცა.
ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ში ამბობენ, რომ მან სწორედ ზეწოლასა და შანტაჟს ვერ გაუძლო და ნერვიულობის ნიადაგზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.
2 დღეა აჭარის პოლიცია ენმ-ს ლიდერებს გამოკითხვაზე იბარებს.
ამავე თემაზე: