
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ წამების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამაც უნდა დაიწყოს.
როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა წამების ფაქტებზე საჯაროდ სასამართლო პროცესზე ისაუბრა, სასამართლომ უნდა მიმართოს პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით, უწყებამ კი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რომ განისაზღვროს შესაბამისი მუხლი და გამოიკვეთოს დამნაშავეები.
"მათ უნდა დაიწყონ გამოძიება, მუხლის განსაზღვრა პრაქტიკულად პროკურატურის საქმეა. საკმაოდ შეზღუდულია სახელმწიფო ინსპექტორის უფლებები და შესაბამისად, 144-ე პრიმა მუხლით, წამების მუხლით უნდა დაიწყოს გამოძიება და გამოიკვეთოს დამნაშავე პირები, ვფიქრობ, რომ მათი ფართო წრე არის აქ გამოსაკვეთი", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გუშინ სასჯელაღსრულების სისტემა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სასამართლო დარბაზიდან ამხილა. მან დეტალურად გაიხსენა რუსთავიდან გლდანის ციხეში მოტყუებით გადაყვანის დღე.
ამავე თემაზე: