
თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას დედა გამოძიებით უკმაყოფილოა. ის სამართალდამცველებს მკვლელობის დამკვეთის დადგენისა და გარდაცვლილის მეგობარი კაცის, ზურაბ ბერიძის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
შატალოვას დედა ამბობს, რომ გამოძიებას უკვე მიაწოდა ინფორმაცია მკვლელობამდე განვითარებულ საეჭვო გარემოებებზე, მათ შორის ზურაბ ბერიძის მხრიდან მუქარაზე. გარდაცვლილის დედა ასევე მიუთითებს, რომ ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემდეგ, მისი არასრულწლოვანი შვილი ახლა მამასთან, ზურაბ ბერიძესთან ერთად ცხოვრობს.
"არ ვიცი რა მოხდა და რატომ მოკლეს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ხშირად მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ზურაბთან უნდა მოვაგვარო სიტუაცია, რომ ბავშვი არ წამართვასო. ბოლოს როდესაც ვიყავი საქართველოში, მეუბნებოდა, მითვალთვალებენო. გარდა იმისა, რომ ეს მოთვალთვალე შეიძლება იყოს ზურაბი, სხვა არანაირი ვერსია არ მაქვს. პოლიციაში ვიყავი, მითხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. არის სამი დაკავებული, ისინი ბრალს არ აღიარებენ, მაგრამ არსებობს მტკიცებულებები, რომ სწორედ მათ მოკლეს ანასტასია", - ამბობს სვეტლანა შატალოვა.
შატალოვას დედის უფლებადამცველმა განმარტა, რომ მან ნომრების მითითებით გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია საეჭვო ავტომანქანების შესახებ, რომლებიც ანასტასია შატალოვან უთვალთვალებდა, თუმცა ამ საკითხით გამოძიება არ ინტერესდება. ადვოკატის ამბობს, რომ "ვფიქრობ ეს გონივრულ ეჭვს აჩენს, რომ ვიღაც დაინტერესებულია, რომ არ დადგინდეს საქმის დამკვეთის კუთხით ჭეშმარიტება".
ცნობისთვის, 18 ოქტომბერს, თბილისში ახალგაზრდა ქალი, სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია აქვს ნასროლი. შატალოვას, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე, 3 წლის შვილთან ერთად, ცხოვრობდა, ჯერ ჩაუსაფრდნენ და თავს მაშინ დაესხნენ, როცა გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდა. მკვლელობის საქმეზე შსს-მ 3 პირი დააკავა, სასამართლომ სამივე პირს პატიმრობა შეუფარდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე