"პოლიცია მოქმედებდა ღია აგრესიით, სცდებოდნენ უფლებამოსილების ფარგლებს" - NGO-ები სასამართლოსთან განვითარებულ მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული 14 აქტივისტი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. დაკავებულებს შორისაა, ბესიკ თამლიანი, რომელიც ადვოკატების ინფორმაციით, ნაცემია.

გუშინ განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ სამართალდამცველების მხრიდან აქტივისტებისა და მედიის მიმართ ღია აგრესიას ჰქონდა ადგილი.

მათივე თქმით, პოლიციელების ქმედებებს რიგ შემთხვევებში შესაძლოა, დანაშაულის კვლაფიკაციაც მიეცეს. 

"სასამართლოსთან პოლიცია მოქმედებდა ღია, პირდაპირი აგრესიით როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ძალიან დიდ ნაწილში ისინი ცდებოდნენ უფლებამოსილებას, რამაც გარკვეული ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებაც გამოიწვია და შეიძლება, ამ ყველაფერს ნაწილობრივ მიეცეს დანაშაულის კვალიფიკაციაც.

რაც შეეხება მოქმედებას ზოგადად პოლიციის, ვხედავთ, რომ ისინი უკვე ღია აგრესიას აწარმოებენ და და ეს არის მათი პირდაპირი დავალება, რომ რაც შეიძლება მეტი ძალის გამოყენებით ჩაკლან პროტესტის მაშინ, როდესაც ისეთი საფრთხეები არ მომდინარეობს, რომ მოხდეს ასეთი ძალის გამოყენება", - აღნიშნა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილმა.

პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევაზე ისაუბრა ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა: 

"ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა მედიის უსაფრთხოება, თუმცა მეორეა,რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების ქმედებები არ იყო შესაბამისი ჩვენს კანონმდებლობასთან. არ იყო შესაბამისი სწორედ იმის გამოც, რომ პოლიციელის ქმედებები, მაგალითად როდესაც ისინი ცდილობდნენ ოპერატორების ჩამოყვანას კედლიდან, ის ფეხზე მოქაჩვა არაფერში ჯდებოდა, ამ დროს შეიძლებოდა ჩამოვარდნილიყო ოპერატორი და დაზიანება მიეღო. კიდევ ერთი საკითხია წიწაკის გამოყენება. აქ არის ეუთოს საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც უნდა ყოფილიყო დაცული, თუმცა ეს გუშინ არ მომხდარა", - თქვა ნიკა სიმონიშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, იყო დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის. პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეიც გამოიყენა. 

შსს-მ ჯამში 15 პირი დააკავა, მათ შორისაა გიგი უგულავა და ბესიკ თამლიანი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, თამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი