
"მისი მთავარი და უპირობო ამოცანაა, ხვალ წარსდგეს ქართველი ხალხის წინაშე... მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ისაუბრა.
...მისი მთავარი და უპირობო ამოცანაა ხვალ წარსდგეს ქართველი ხალხის წინაშე და ისაუბროს უკვე ამ ბრალდებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ის შეეცდება მიუხედავად სისუსტისა, რომელიც აღენიშნება, რომ ღირსეულად წარსდგეს ამჯერადაც ხალხის წინაშე. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ერთადერთი, მისი თხოვნაა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, ადამიანების მხარდაჭერა, ეს მას ფიზიკურადაც ეხმარება და მორალურადაც. ამიტომ სთხოვა ყველას, ვინც გულშემატკივრობს, რომ ხვალ სასამართლოსთან შეიკრიბონ, - ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიას თქმითვე, არ არსებობს საფუძველი, რის გამოც პენიტენციურ სამსახურს შეეძლება უარი თქვას მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოს მიმართავს და სთხოვს, რომ სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს მიეცეს.