250 მილიონ ლარზე მეტი უნდა გადაიხადოს საქართველომ რუსეთის სასარგებლოდ. ჯარიმა სტოკჰოლმის არბიტრაჟმა თითქმის ოთხწლიანი დავის შემდეგ დააკისრა. საერთაშორისო ტრიბუნალში ხელისუფლებას რუსულმა კომპანია ,,ინტერ რაომ'' უჩივლა. მიზეზი კომპანიისთვის ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალი იყო.
2013 წელს, მას შემდეგ რაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, თელასის 75%-ის მფლობელი კომპანია "ინტერ რაო'" ითხოვდა, რომ ზარალი, რაც კურსის ვარდნით მიიღეს, ტარიფში ნაწილობრივ მაინც ასახულიყო, საქმე კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის ღირებულებას ეხებოდა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით მარეგულირებელმა კომისიამ ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად იმოქმედა. ვითომ ხალხზე გათვლილი გადაწყვეტილებით კი მათი თქმით, ისევ ხალხი ზარალდება, რადგან 80 მილიონი სახელმწიფომ ხალხის ფულიდან უნდა გადაიხადოს.
ქართული ოცნება კი ისევ წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს. კახა კალაძე, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ამჟამად თბილისის მერი, იმით ინუგეშებს თავს, რომ რუსული კომპანიის საჩივარი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და არა 200 არამედ 80 მილიონის გადახდა დაეკისრათ.
სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროც გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ დავა ისევ გრძელდება.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილებები არ საჩივრდება და მხარეებმა შეიძლება მხოლოდ პროცედურულ დარღვევებზე იდაონ. ასევე არ გამორიცხავენ, რომ საზღვარგარეთ ქვეყნის ქონება დაყადაღდეს, თუ ხელისუფლებამ უარი თქვა კომპენსაციის გადახდაზე.
ასევე იხილეთ: