
გორის სამხედრო ჰოსპიტალში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომობილები შევიდნენ. ესკორტი, რომლითაც საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი უნდა მიიყვანონ, თბილისისკენ ცოტა ხანში გამოემართება.
ე.წ. პიჯაკების საქმეზე სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე სიტყვით წარდგება და მის მიმართ წარდგენილ "ბევრ პოლიტიკურ ბრალდებას ჩამოხსნის ნიღაბს".
პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბებიან. ისინი მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერას გამოუცხადებენ და პროცესის დასრულებამდე ადგილზე დარჩებიან.
ცნობისთვის, ე.წ. პიჯაკების საქმის ფარგლებში, სახელმწიფო ბრალდება მესამე პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველის საფლავზე მიტანილი გვირგვინის თანხას, სხვადასხვა პრეზიდენტების გამასპინძლებას და ყოველდღიურ წარმომადგენლობით ხარჯებს ედავება.