
ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას გამოუცხადებენ და საქმის განხილვის დასრულებამდე ადგილზე დარჩებიან.
პოლიტიკოსები პროვოკაციებს დღესაც ელოდებიან და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავების ოპერაცია კიდევ ერთხელ ჩაატაროს.
"ხალხი გამოვა, იქნება საპროტესტო აქცია და ეს საპროტესტო აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ ეს პოლიტიკური დევნა იარსებებს. სანამ არ იქნება ამ ქვეყანაში სამართალი, არ იქნება მშვიდობა, მუდმივად იქნება საპროტესტო გამოსვლები. ეს საქმე არის პოლიტიკური შეფერილობის საქმე და მას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტა", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. მესამე პრეზიდენტს სხდომაში მონაწილეობა სურს და დასწრების შემთხვევაში, სიტყვით წარმოთქმას აპირებს. მისი უფლებადამცველები ამბობენ, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვა ბევრ პოლიტიკურ ბრალდებას "ჩამოხსნის ნიღაბს".