"სათამაშოები, კბილის პასტები და ჯაგრისები რომ მიუტანეს ბავშვთა სახლს, ამის გამო ასამართლებენ პრეზიდენტს" - ლევან ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტის პროცესია ჩანიშნული, აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ პრეზიდენტს ისეთ ხარჯებზე ედავებიან, როგორიც მაგალითად მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის სათამაშოების, კბილის პასტებისა და ჯაგრისების მიტანაა.

"ათასობით ჩვენი თანამოქალაქე მოიყრის აქ თავს. მიხეილ სააკაშვილს ედავებიან რაღაც თანხების გაფლანგვას, რომელიც რეალობაში საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უკავშირდება მაგალითად ვაცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინის მიტანას, იმას, რომ ჭიათურის სკოლას რომ პროექტორი აჩუქა სანდრა რულოვსმა, იმას, რომ ფიფქია და შვიდი ჯუჯას სათამაშოები მიუტანეს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. რეალობაში, საქმეში თუ ჩაიხედავთ, ასეთი ჩეკებია. კბილის პასტები და კბილის ჯაგრისები რომ მიუტანეს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს, ამის გამო ასამართლებენ პრეზიდენტ სააკაშვილის, თურმე, ეს ყოფილა არამიზნობრივი ხარჯები. ეს საქმე ცნობილია იგივე პიჯაკების საქმედ. ასამართლებენ იმ პრეზიდენტს, რომელმაც ბიუჯეტი ფაქტობრივად ათჯერ გაზარდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილმა თავად მიმართოს მოქალაქეებს და აუხსნას ამ მარაზმის შინაარსი ქართველ ხალხს", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა 11:00 საათზე დაიწყება. გორის ჰოსპიტლიდან თბილისისკენ უკვე გამოემართა სპეციალური ესკორტი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გადმოჰყავთ. მისი უფლებადამცველები ამბობენ, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვა ბევრ პოლიტიკურ ბრალდებას "ჩამოხსნის ნიღაბს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი