სამინისტრო გადააქცია სადამსჯელო ორგანიზაციად, რომელიც ებრძვის ყველას, ვინც მის პოზიციას არ იზიარებს - ასე პასუხობენ ხელოვანები კულტურისა და სპორტის მინისტრს, თეა წულუკიანს.
ისინი ამბობენ, რომ მსგავსი უკულტურო მინისტრი ქვეყნის ისტორიაში არ ახსენდებათ.
"მე მაგალითად, ასაკი მაძლევს უკვე იმის საშუალებას, ვთქვა, რამდენი ტიპის მინისტრი მინახავს კულტურის სფეროში - ძალიან ბევრი. დაწყებული კომუნისტებიდან, თვით ოთარ თაქთაქიშვილიც კი მახსოვს. მაგალითად ვალერი ასათიანი, გადაბრუნებულ სიტყვას არ იტყოდა, განსახიერება იყო ეთიკისა და ქცევის ნორმების, იგივე გოკა გაბაშვილი, იგივე ნიკა ვაჩეიშილი. რომელ მინისტრს წამოცდებოდა საუბრის ის მანერა ან ფორმა, რომელსაც ეს ახალგაზრდა ქალბატონი კადრულობს. პირველ რიგში, კულტურის მინისტრს მოეთხოვება კულტურული ქცევა, ეთიკური ნორმების დაცვა", - ამბობს მხატვარი გია ბუღაძე.
ხელოვანები მინისტრის მხრიდან რეპრესიებსაც არ გამორიცხავენ.
"ყველანი ნაცები ვართ, ვინც მათთან არ ვართ და ყველანი ხალხის მტრები ვართ, იმიტომ, რომ ეს არის კგბ-ს სტილი მართვის. ველოდები უკვე რეპრესიებს ჩვენს წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან მათი მხარდამჭერები და უკვე ველოდებით იმას, რომ არ დაფინანსდება ჩვენი წიგნები საზღვარგარეთ გამოცემის მხრივ, იგივე მწერალთა სახლის და მისი მმართველობის წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებას. ეს არის ტოტალური კონტროლის სურვილი", - თქვა მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა.