გელათის კრიზისი | წულუკიანის აღიარება და "ოცნების" მორიგი კრახი

გამოქვეყნდა:

რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამოსვლისას თეა წულუკიანმა იმისთანები უთხრა თაკო ჩარკვიანს, რომ ყველა სხვა თემა გადაფარა. შეიძლება იმ გამოსვლიდან სხვა მეტი არც არაფერი გინახავთ, მაგრამ თუ ყურადღებით მოუსმენდით, კულტურის მინისტრს გელათთან დაკავშირებით მომცრო აღიარება ჰქონდა - რომ დიახ, ტაძარში ფრესკების დაზიანება ნამდვილად ოცნების ხელისუფლების დროს ჩატარებულმა უხარისხო და არაპროფესიონალურად შესრულებულმა გადახურვამ გამოიწვია. 

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეცადნენ, მიზეზები როგორმე ნაციონალებამდე მიექაჩათ, რომ ესეც წინა ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გამოვიდა. 

ანუ ახლა უკვე თვითონ მთავრობისგან აღიარებული ფაქტია, რომ გელათის ფრესკები მათმა შეცდომებმა დააზიანა - საქმის მცოდნე ხალხის ლანძღვის ნაცვლად, მათთვის რომ მოესმინათ, უკეთესი იქნებოდა. 

ოღონდ ამით პრობლემა არ მოგვარებულა - როგორც ჩანს, ვითომ აღდგენითი სამუშაოები ახლაც შეცდომებით მიმდინარეობს, რაც ფრესკების გადარჩენის ნაცვლად მათ კიდევ უფრო დაზიანებას გამოიწვევს. 

თითქოს ხომ ჩამოიყვანეს უცხოელი სპეციალისტები, ოღონდ სად იპოვნეს, ვინ არიან, რა გამოცდილება აქვთ - მათი რეპუტაცია ძალიან საეჭვოა. ან შიგნით რა აზრი აქვს კედლების ფხეკას, თუ გადახურვა არ შეცვალე, რომლიდანაც შენობაში წყალი შედის? 

ჯერ ფრესკების ჩამოშლის მიზეზი უნდა აღმოფხვრა და მერე აღადგინო დაზიანებები - კედლები თუ შიგნიდან გაამაგრე და გარედან ისევ წყალი შევიდა, რა აზრი აქვს? 

საფრთხეც ბევრია, კითხვაც და ეჭვიც. მაგრამ კულტურის მინისტრი და მისი გუნდი მოსმენის ნაცვლად ისევ დაცინვით პასუხობენ ყველას, ვინც მათ შეცდომაზე მიუთითებს ან შენიშვნას მისცემს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი