ბრალდება აბსურდულია, მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ იმის გამო, რომ საქართველოში დაბრუნდა - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე, საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. 

უფლებადამცველის თქმით, მესამე პრეზიდენტს იმის გამო ასამართლებენ, რომ სამშობლოში დაბრუნდა.

"საქმე ეხება აბსურდულ ბრალდებას, სადაც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საქართველოში დაბრუნების გამო. საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომლის წვლილიც ამ ქვეყნის ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოდ ქცევის საქმეში არის ფასდაუდებელი, ასამართლებენ იმის გამო, რომ ის დაბრუნდა. მას ეხვეწებოდნენ, ემუქრებოდნენ, აშინებდნენ, სთხოვდნენ, რომ ჩამოსულიყო, ჩამოვიდა საქართველოში და ახლა ხელისუფლება ამის გამო ცდილობს, რომ დასაჯოს.

არავითარი იურიდიული და ფაქტობრივი საფუძველი ამ ბრალდებას არ აქვს და ეს წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდებაა. ხოლო რა არის მიზანი ხელისუფლებისა, კარგად გამოჩნდა მოქმედი პრემიერმინისტრის განცხადებაში, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა წასულიყო პოლიტიკიდან, ან მას დაიჭერდნენ. მიხეილ სააკაშვილი არ წავიდა პოლიტიკიდან, უფრო მეტიც, ის დაბრუნდა საქართველოში და დაიჭირეს", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი