აზარტულ თამაშებზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას უარყოფითად ვაფასებთ - "მედიის ადვოკატირებისთვის"

გამოქვეყნდა:

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" პარლამენტის მიერ აზარტული თამაშების და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვს უარყოფითად აფასებს.

ბიურომ გუშინ, 13 დეკემბერს გადაწყვიტა დაჩქარებული წესით განიხილოს "ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ განმარტებით ბარათში წარმოდგენილი არგუმენტაცია, რის გამოც კანონს დაჩქარებული წესით განიხილავენ, "უკიდურესად პრობლემური და არასაკმარისია".

"კოალიციის შეფასებით, განმარტებით ბარათში წარმოდგენილი არგუმენტაცია უკიდურესად პრობლემური და არასაკმარისია. კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან არ ირკვევა საკანონმდებლო პაკეტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე მიღების აუცილებლობა. “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები დაჩქარებული წესით მიღების შემთხვევაშიც კი 2022 წლის მარტიდან ამოქმედდება. აღნიშნული აძლიერებს ეჭვს, რომ საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ არსებობს და პარლამენტის რეალური მიზანი, სრულყოფილი და პროფესიული განხილვების თავიდან აცილებაა.

საგანგაშოდ მიგვაჩნია ის გარემოებაც, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე არ არის სათანადოდ შეფასებული. არსებობს რისკი, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს მაუწყებლების ფინანსურ დამოუკიდებლობას. ამ საკითხის გამოკვლევა კანონპროექტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე წარმოუდგენელია.

კანონპროექტის მომზადების პროცესში არ არის მიღებული კონსულტაციები სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებისგან, კანონპროექტს არ ერთვის დარგის ექსპერტების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის, სათანადო დასკვნები და შეფასებები.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და ერთ დღეში მისი ორი მოსმენით მიღება გამორიცხავს სრულფასოვან საპარლამენტო განხილვას, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების წარდგენას და კანონპროექტის დახვეწას. აღნიშნული პროცედურები პრინციპულად მნიშვნელოვანია ინიციატივებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების გამოწვევა შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტისა და მედია სექტორისთვის", - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. 

ცნობისთვის, პარლამენტში კანონპროექტის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს, პროცესს მედიამენეჯერებიც ესწრებიან.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი