ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების ანგარიშს აქვეყნებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფებზე დაყრდნობით წერს, რომ საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, რის შედეგადაც პოლარიზაციის შემცირებისა და პოლიტიკური პროცესის მიმართ ფართო საზოგადოებრივი ნდობის გაზრდის შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.
"ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებსა, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა.
უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა მხოლოდ გააღრმავა ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის საჭიროებები დაჩრდილა. ისევე როგორც წინა წლებში, პარტიული რესურსების დისბალანსმა, კამპანიების დაფინანსების არასაკმარის ზედამხედველობასთან და მმართველი პარტიის თანამდებობრივი უფლებამოსილების უპირატესობებთან ერთად, ხელი შეუწყო არათანაბარ პოლიტიკურ ველს.
გაფართოებული პოლიტიკური წარმომადგენლობის, გაზრდილი გამჭვირვალობისა და საჩივრების წარდგენის პროცესის გაუმჯობესების მიუხედავად, ჩართული მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციას დაბალ ნდობას უცხადებდნენ", - წერს NDI.
ორგანიზაციის შეფასებით, პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო ამომრჩეველს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზღუდავდა.
"მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე გავრცელებულმა თავდასხმებმა არჩევნების პირველი და მეორე ტურის დღეებში და მათი თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის მცდელობამ მთლიან პროცესზე უარყოფითად იმოქმედა", - აღნიშნულია ანგარიშში.
მათივე შეფასებით, მეტწილად სავალდებულო გენდერული კვოტების განხორციელების ხარჯზე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქალებისა და უმცირესობების, ისევე როგორც სხვა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა კვლავ გამოწვევად რჩება.
NDI წერს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, საარჩევნო კომისიის წევრებმა და ადგილობრივმა მიუკერძოებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა აჩვენეს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება, უზრუნველყონ საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული პროგრესი.