
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში გამოსვლისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა და თქვა, რომ დროა ევროკავშირმა "კბილები გამოაჩინოს" და რუსეთს მკაცრი სანქციების ენაზე ელაპარაკოს:
"უკრაინა იმიტომ კი არაა რუსეთის სამიზნე, რომ საფრთხეს წარმოადგენს, არამედ იმიტომ, რომ მისი მოსახლეობა მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს, ისინი ბედავენ, იყვნენ თავისუფალნი და სურთ თავად წყვეტდნენ საკუთარ ბედს. კრემლს არაფერი აშინებს ისე, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო მის საზღვრებთან.
ამ დროს როგორია ჩვენი რეაქცია? ზოგიერთი კვლავ გვთავაზობს, რომ "ნორდ სტრიმ 2" უნდა გაგრძელდეს. როგორც ერთმა რუსული იდეოლოგიის მქონე ადამიანმა ღიად განაცხადა, კრემლის ექსპორტის მთავარი პროდუქტი არა გაზი, ნავთობი ან შეიარაღება, არამედ ქაოსია. რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულების გაზრდით, ჩვენ ვღალატობთ ჩვენს მოკავშირეებს და საშიშროებას ვუქმნით ამ კონტინენტის მომავალს.
დროა, ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ კბილები გამოაჩინოს და მჩაგვრელებს მათთვის გასაგებ ენაზე ვესაუბროთ: მკაცრი სანქციების ენაზე.
რუსეთის სასჯელი უნდა იყოს უპრეცედენტო, თუ ის გაბედავს უკრაინის წინააღმდეგ მომდევნო ომის დაწყებას. გავთიშოთ რუსეთი მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან [SWIFT] გავანადგუროთ "ნორდ სტრიმ 2" და დავუწესოთ სანქციები პუტინსა და მის გარემოცვას.
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე, როცა კრემლი უკრაინის გაღიზიანებას ეცდება, უკრაინასთან პარტნიორობის გაძლიერებით ვაჩვენოთ რუსეთს, რომ ჩაგვრა კონტრპროდუქტიულია. ძვირფასო კოლეგებო, მოდით განვახორციელოთ ის, რასაც ვქადაგებთ და ვაჩვენოთ რუსეთს, რომ საერთაშორისო სამართლის სამყაროში ძალა არ ნიშნავს უფლებას. დავიცვათ უკრაინა!",-თქვა კრამონმა.
კიევისა და ვაშინგტონის ცნობით, უკრაინის საზღვართან 90 000-მდე რუსი სამხედროა თავმყორილი. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. აშშ-ს დაზვერვის ვარაუდით, რუსეთს რამდენიმე თვეში, 2022 წლის დასაწყისში უკრაინის წინააღმდეგ 175 ათასი ჯარისკაცის გამოყენებით, სამხედრო შეტევა შეუძლია.
ამავე თემაზე: