
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც მოსალოდნელი პოლიტიკური დაკავებების საპასუხოდ სამოქმედო გეგმაზე გუშინ იმსჯელეს, აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს დაკავებების პროცესის მშვიდად ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.
"რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისევე, როგორ ამ საქმის წარმოება და დაწყებაც იყო ქართული ოცნების ოფისში შეთანხმებული. სრულად სოლიდარულები ვართ ამ ადამიანების მიმართ და ვფიქრობთ, რომ ეს არის არა სამართლის აღსრულება, არამედ პოლიტიკური დევნა", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მხოლოდ პოლიტიზირებული გადაწყვეტილებით შეიძლება.
"მხოლოდ პოლიტიზირებული გადაწყვეტილების შედეგად შეიძლება, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს მოსამართლემ. ეს ნამდვილად არ დაეხმარება ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას, არც მოლაპარაკებებს, არც შეთანხმებას და არ დაეხმარება მათ შორის და დიდ პრობლემას შეუქმნის ჩვენს საერთაშორისო დღის წესრიგს", - თქვა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბოლო სხდომა უნდა ჩატარდეს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სამივე მათგანს პატიმრობა ემუქრება.