ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიამ" სტრასბურგის სასამართლოში მამუკა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით სარჩელი გააგზავნა. ისინი პასუხს უახლოეს საათებში ელოდებიან.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს აქვთ ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძე ცხინვალში, სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძე საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა სამხედრო დანაშაულის ბრალდებით გაასამართლონ.
"მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გაგზავნილია უკვე ფაქსით. იმედია რამდენიმე საათში მივიღებთ უკვე პასუხს აღნიშნულთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ დავარწმუნოთ ევროპული სასამართლო, რომ ბატონი მამუკას სიცოცხლეს ემუქრება რეალური საფრთხე", - თქვა ადვოკატმა, ნიკა ლეგაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ომის დანაშაულები დაისჯება ხანდაზმულობის მიუხედავად". განცხადების ეს ნაწილი სავარაუდოდ, სწორედ მამუკა ჩხიკვაძეს ეხება, თუმცა ის პერსონალურად მოხსენიებული არ არის.
დღეს რეჟიმის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ეგორ კოჩიევის განცხადება გავრცელდა, სადაც ის "დაკავების" დეტალებსა და მიზეზებზე, ასევე მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 დეკემბერს გაიტაცეს.