მორიგი პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე | რა შუამდგომლობებს დააყენებენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები

გამოქვეყნდა:

თბილისი საქალაქო სასამართლოში დღეს 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომას, რომელიც 12:00 საათზეა ჩანიშნული, მესამე პრეზიდენტი ვერ დაესწრება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. 

დღევანდელ პროცესზე ადვოკატები 2 შუამდგომლობას დააყენებენ. აქედან ერთი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული მასალების საქმეში დართვას უკავშირდება, ხოლო მეორე შუამდგომლობით უფლებადამცველები 2 მოწმის - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის, ზაზა გოგავას ხელახლა გამოკითხვას მოითხოვენ. 

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია, ამ ორი მოწმის ხელახალი გამოკითხვა მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით მოხდეს.

"ჩვენ მოვითხოვთ ახალი მტკიცებულებების დართვას საქმის მასალებზე. ეს არის ძირითადად მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის უფლებების ფუნდამენტური დარღვევის ფაქტებს მისი დაპატიმრების შემდეგ და ასევე გვექნება შუამდგომლობა მოწმეთა ხელახალი დაკითხვის თაობაზე. საუბარია 2 მოწმეზე, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეზე და ზაზა გოგავაზე. ორი მოწმის ხელახალი დაკითხვა უნდა მოხდეს სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, არა იმიტომ, რომ მათი ჩვენებები მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგოა და ამაზე შეიძლება განაჩენი დადგეს, არამედ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ამბობენ, რომ პირადი შეხება ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილთან.

რეალურად, შინაარსობრივი თვალსაზრისით, იგივე ნინო ბურჯანაძე საუბრობს პასუხისმგებლობაზე, რომ პასუხისმგებლობა არის მიხეილ სააკაშვილზე, ოღონდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და ეს უდავოა ისედაც. თავად მიხეილ სააკაშვილმაც თქვა, რომ 7 ნოემბერი იყო ძალიან ცუდი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, დაშვებული იქნა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეცდომები და ამ შეცდომაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს, როცა გადადგა თანამდებობიდან და დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არის სრული აფსურდი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელმაც მოაწყო 20 ივნისი და არათუ ბრალი წარუდგინა შესაბამის დამნაშავე პირებს, თვითონვე მოახდინა ამნისტირება იმ ჯალათების და თვალების დამთხრელების, რომლებიც მონაწილეობდნენ 20 ივნისის ამ საშინელ ღამეს განვითარებულ მოვლენებში", - თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სხდომის დაწყებამდე პროკურორებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა როგორ მათ წინა სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნეს, აპირებენ, სასამართლოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას აცილების მოთხოვნით მიმართონ. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი პროკურორებისთვის სიტყვა "გამოკვლევებულები" გახდა, რასთან დაკავშირებითაც სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს.

შეგახსენებთ, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

ამავე თემაზე:

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი