ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 24 იანვარს, 12 საათზე გაგრძელდება. მომდევნო სხდომაზე დაცვის მხარე ბრალდების მხარის დღევანდელი მტკიცებულებების საპასუხოდ ჩამოაყალიბებს პოზიციას და სასამართლოს წარუდგენს.
დღეს კი პროკურატურამ სასამართლო დარბაზში 7 ნოემბრის ვიდეოჩანაწერი აჩვენა და მესამე პრეზიდენტის ბრალეულობის დამტკიცებას შეეცადა, თუმცა როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა სხდომაზე განმარტა, ვიდეომასალაში არაფერი კონკრეტული არ მიუთითებს მესამე პრეზიდენტის ბრალეულობას და საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე, კარგად ისმის მომიტინგეების მიმართ გაფრთხილებაც.
"რაც კადრებიც ვნახეთ, ამ კადრებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება, რაიმე ფორმით, წარმოდგენილი არ ყოფილა" - თქვა ბექა ბასილაიამ.
გარდა ამის, მოსამართლეთა კოლეგიამ უცვლელი დატოვა ამავე ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა და "ემპათიას" დასკვნა მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაერთვება, ასევე სასამართლო პროცესზე მარიამ ჯიშკარიანს გამოკითხავენ.
სასამართლომ დღეს ცნობად მიიღო ირაკლი ღარიბაშვილის ის განცხადება, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს დაემუქრა და თქვა, რმ თუ მესამე პრეზიდენტი აქტიურობას გააგრძელებდა, "მუხლებს დაუმატებდნენ"