მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ყველას, ვინც შიმშილობს, საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უფლებადამცველმა, შოთა თუთბერიძემ მოინახულა. მთავარი თემა, რაზეც შეხვედრისას ისაუბრეს, 7 ნოემბრის საქმეზე გამართული მორიგი სასამართლო პროცესი იყო.

ადვოკატი განმარტავს, რომ არცერთ სისხლის სამართლებრივ საქმეში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაა აღძრული, ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ აქვს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, შოთა თუთბერიძის თქმით, მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა მესამე პრეზიდენტი მორალურად მხნედაა.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავინდებურად არის ისეთი, როგორიც იყო - ძალიან საფრთხილო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მორალურად პრეზიდენტი არის ძალიან მხნედ, ოპტიმისტურად განწყობილი. დარწმუნებულია, თავდაჯერებულია იმაში, რომ ქართველი ხალხი საბოლოო ჯამში მიაღწევს თავის მიზანს", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის მოშიმშილეებს, რომლებიც მის გათავისუფლებას ითხოვენ და მოუწოდებს, თავიანთ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

"პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვინც შიმშილობს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც არა მხოლოდ შიმშილობს, არამედ სხვა ფორმით გამოხატავს პროტესტს საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო. მიაჩნია, რომ ისინი არიან საქართველოს გულწრფელი გულშემატკივრები, ოღონდ სთხოვს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", - თქვა ადვოკატმა.

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე ხვდება.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილეებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან უკვე მე-12 კარავი გაიშალა. დღეს მოშიმშილეებს, სავარაუდოდ, კიდევ 50-მდე ადამიანი შეუერთდება.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი