პუტინი იმუქრება: ჩვენ კი არა, გარანტიები თქვენ უნდა მოგვცეთ, ახლა და დაუყოვნებლივ!

გამოქვეყნდა:

ჩვენ პირდაპირ დავაყენეთ საკითხი, რომ აღარ უნდა მოხდეს არავითარი ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისკენ - აცხადებს პუტინი და ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ღიად და საჯაროდ იმუქრება, თუმცა ამას უარყოფს და ამბობს, რომ რუსეთი "გააცურეს":

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამის შესახებ მკაფიო და პირდაპირი განცხადებები გავაკეთეთ და ვუთხარით რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პოლიტიკა ჩვენთვის მიუღებელია. რა არის გაუგებარი? განა ჩვენ ვდგამთ სარაკეტო დანადგარებს ამერიკის საზღვრებთან? არა, ისინი მოვიდნენ ჩვენთან, ჩვენს სახლში. უკვე ჩვენი სახლების ზღურბლზე გადმოაბიჯებენ. განა ბევრს ვითხოვთ? რაიმე განსაკუთრებულია?! რას იტყოდნენ ამერიკელები თუ მექსიკისა და ამერიკის, ან კანადისა ამერიკის საზღვრებთან რუსულ სარაკეტო დანადგარებს დავაყენებდით?! ეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხია. არ გვაინტერესებს მოლაპარაკებების მიმდინარეობა, ჩვენთვის მთავარია შედეგი. 90-იან წლებში ნატო შეგვპირდა რომ არც ერთი სანტიმეტრის არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთ მიმართულებით და რა ხდება? მოგვატყუეს.. გაგვაცურეს. დღეს აღმოსავლეთით გაფართოების 5 მიმართულება აქვთ. ჩვენ არავის ვემუქრებით, ეს ჩვენ გვიქმნის საფრთხეს. ახლა ამბობენ, რომ ალიანსში უკრაინაც გაწევრიანდება. ეს კი რას ნიშნავს? იმას რომ სარაკეტო დანადგარებს უკრაინაშიც დააყენებენ. ჩემგან ითხოვენ გარანტიებს. ჩვენ კი არა, გარანტიები თქვენ უნდა მოგვცეთ, ახლა და დაუყოვნებლივ! ამიტომ ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე, ჩვენ პირდაპირ დავაყენეთ საკითხი, რომ აღარ უნდა მოხდეს არავითარი ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისკენ. ზოგჯერ მგონია რომ სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობთ" განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევას სთხოვს - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 დეკემბერს გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი