
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, მიხეილ სააკაშვილს "საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი აქვს" შეფარდებული და მან ის უნდა მოიხადოს.
რაც შეეხება გორის ჰოსპიტლიდან მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში გადაყვანას, კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა "2 კვირის წინ დასრულდა", რაზეც "ოფიციალური დასკვნა არსებობს".
"ელენე ხოშტარია ნამდვილად შიმშილობდა და მას ჰქონდა უფრო რთული მდგომარეობა თავის დროზე, როცა დაასრულა შიმშილობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, უკვე გასულია ლამის ერთი თვე და ელენე ხოშტარია ხან ერთ აქციაზეა, ხან მეორე და არანაირი პრობლემა არ აქვს. როდესაც ადამიანი, რომელიც რეალურად არც შიმშილობდა და მერე ამბობს, რომ მას მთელი ცხოვრება თურმე გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს არის აშკარა დისკრიმინაციული მიდგომა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გუშინ გვიან ღამით მოულოდნელად გადაიყვანეს. ეტაპირებაზე ინფორმაცია მის ადვოკატებს არ ჰქონდათ. ცოტა ხნის წინ მათ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთეს.
ასევე იხილეთ:
მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ კომუნიკაციის შესაძლებლობას არ გვაძლევენ - ბექა ბასილაია