ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას აზრით, კლინიკები ყველანაირად მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლებელია ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს. ამ თემაზე მან კოვიდ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"დღეს საბედნიეროდ კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული. მზაობა კვლავაც რჩება მაქსიმალური, პერსონალი მზად არის, ახალი პროტოკოლი მოქმედია, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ და ვფიქრობ, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლებელია ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს", - თქვა თამარ გაბუნიამ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კოვიდის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვასაც.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 32 ადამიანი. გარდა ამისა, ქვეყანაში "ომიკრონის" შტამის 159 შემთხვევა დადასტურდა.