
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ეჭვქვეშ დააყენა ყაზახეთის გადაწყვეტილება, მოითხოვოს რუსული სამხედრო დახმარება ძალადობრივი არეულობის ტალღის მოსაგვარებლად.
ბლინკენის განცხადებით, აშშ მიიჩნევს, რომ ყაზახეთის მთავრობას შეუძლია თავად გაუმკლავდეს პროტესტს.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაურკვეველია, რატომ ხდებოდა სამხედრო ნაწილების განლაგება. რუსეთის ხელმძღვანელობით 2 500-მდე ჯარისკაციდან პირველი ჩავიდა ყაზახეთში. მოსკოვის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მისი ძალების განლაგება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში, დროებითია.
"უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ როდესაც რუსები თქვენ სახლში მოვლენ, ზოგჯერ ძალიან რთულია მათ ის დაატოვებინო" - თქვა ბლინკენმა.
მისივე განცხადებით, ყაზახეთის ხელისუფლებას და მთავრობას შეუძლიათ სათანადოდ გაუმკლავდნენ აქიცებს ისე, რომ პატივი სცენ მომიტინგეების უფლებებს და კონი და წესრიგი დაიცვან:
"ასე რომ, გაუგებარია, რატომ გრძნობენ ისინი რაიმე გარე დახმარების საჭიროებას. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მეტი გავიგოთ ამის შესახებ" - თქვა მან.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები ყაზახეთში 2 იანვარს გაზის ფასის გაძვირების გამო, ჯერ მანგისტაუს რეგიონში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც დაიწყო. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანა უკვე დატოვა ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც თანამდებობიდამ წასვლის მიუხედავად, ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა.