პოლიციელის ცემის ფაქტზე სიღნაღის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთში ორი ბრალდებულის პროცესი დაიწყება. "მთავარი არხისთვის" სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ჩვენთა საუბარში ყვება, რომ პოლიციის უფროსმა ქვეყნის დატოვებისთვის ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იარაღის ჩადებით დაემუქრა.
"ხალხს რომ მომარიდეს და დერეფანში შემიყვანეს, უკვე დამიწყეს ცემა-ტყეპა რა, ანუ თავში ჩარტყმა, შეურაცხყოფა, ფურთხება, ვერ ავიტანე რა და მერე უკვე მეც დავიწყე გინებაც დავიწყეთ, მეთქი რას მიშვებით, რა გინდათ. [...] დაბლა მომხდარა სხვა ჩხუბი, იმ ბავშვებმა მერე დაიწყეს ეგ ჩხუბი მაგან რომ შეურაცხყოფა მიაყენა. [პოლიციელმა რომ შეაგინა შემდეგ დაიწყო დაპირისპირება].
იარაღი რომ არის ნახსენები, მაგაზეც გავერკვიე, პოლიციის უფროსი და მოადგილე მეუბნება მთვრალიც რომ იყოო, გინდა მთვრალი არ იყოო, სადმე ისეთ ადგილზე მოგაკაროთო მაინც ჩაგიდებთო და მაინც გაგაფუჭებთო, რა აზრი აქვს, პოლიციის უფროსი და მოადგილე, დატოვე რაიონი, ქვეყანა დატოვეო, დამიჯერე, რომ გაგიჩალიჩებთო, აი როგორ მოვიქცე, სამართალი არ არის", - ყვება მოქალაქე.
საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი პირი არასრულწლოვანია, შესაბამისად სასამართლო პროცესს მედია არ ესწრება.
ცნობისთვის, 7 იანვარს საგარეჯოში სამართალდამცველები და ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - მიზეზი ახალგაზრდების ერთი ჯგუფის უკმაყოფილება იყო, რომლებიც ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცის დაკრძალვის მეორე დღეს ქალაქში საზეიმო ღონისძიებებს აპროტესტებდნენ.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაწყებულ ჩხუბში პოლიციელები ჩაერივნენ - სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურში გადაიზარდა. ნაცემია პოლიციელი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელსაც თავი აქვს გატეხილი. მას ადგილობრივმა თავში ბოთლი ჩაარტყა.