
ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ქვეყნიდან "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" ჯარების გაყვანა 2 დღეში დაიწყება. მისი თქმით, კონტრტერორისტული ოპერაციის მწვავე ფაზა გადალახეს და ყველა რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია.
"ვაცხადებ, რომ სამშვიდობო ძალების მთავარი მისია წარმატებით დასრულდა. ორ დღეში ეტაპობრივად დაიწყება ОДКБ -ს ერთიანი სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანა, პროცესს არა უმეტეს 10 დღე დასჭირდება", - განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები ყაზახეთში 2 იანვარს გაზის ფასის გაძვირების გამო, ჯერ მანგისტაუს რეგიონში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც დაიწყო. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა.
ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არეულობისა და შეტაკებების დროს არაერთი პოლიციელი და მოქალაქე დაიღუპა.