"ასეთი ტიპის სასამართლო პროცესები აღარ უნდა გაიმართოს ამ ქვეყანაში, ასეთი დევნა უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ", - თქვა პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პროცესის დასრულების შემდეგ.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, 2008 წელს განვითარებული პროცესებით, მათ შორის იმ სესხის გამო, რაზეც გამოძიება ედავებათ, დაზარალებულები თავად ბრალდებულები არიან.
"ველოდებით ხვალ მოსამართლის გადაწყვეტილებას. იმდენად ნათელია ყველაფერი, დღეს მე კიდევაც ვთქვი, რომ თუ ვინმე დაზარალდა ფოსრმაჟორული ვითარების გამო, რომელიც შეიქმნა 2008 წელს და რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელი იყო, ვართ ჩვენ. ჩვენ დავკარგეთ ქონების 2/3, მათ შორის, იმ სესხის გამო, რომლის გაფორმებაც მოხდა რუსეთის არმიის შემოჭრის და მსოფლიო გლობალური კრიზისის გამო.
ჩვენ ამ პროცესმა გაგვაძლიერა, გაგვაძლიერა იმ რწმენაში, რომ ასეთი ტიპის სასამართლო პროცესები აღარ უნდა გაიმართოს ამ ქვეყანაში და ასეთი დევნა უნდა შეწყდეს სამუდამოდ, იმისათვის, რომ ქვეყანას გაუჩნდეს მომავალი", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, სასამართლო ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ, 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ამავე თემაზე: