"მოვითხოვთ პარიტეტული კომისიის სრულ სამედიცინო ექსპერტიზას, რომელიც დაადგენს მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტებს" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები პარიტეტული კომისიის შექმნას და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტებს დაადგენს.

როგორც ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ექსპერტიზა არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ, არამედ სრულ სომატურ გამოკვლევებსაც უნდა მოიცავდეს.

ნიკა გვარამიას თქმით, მათი მხრიდან პარიტეტულ კომისიაში ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები იქნებიან წარმოდგენილი.

"ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას და მხოლოდ ერთადერთი ფორმატით. ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება. იმთავითვე ჩვენ ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, არამედ კომისიური სახით ჩატარებული სრული სამედიცინო ექსპერტიზა, რაც სომატურ გამოკვლევას ნიშნავს თავიდან ბოლომდე, განსაკუთრებით ნევროლოგიურს.

ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მხრიდან ექსპერტების დანიშვნას, ეს იქნება ცენტრი "ემპათია" და დანიშნოს სახელმწიფომაც თავისი ექსპერტები. ეს იქნება პარიტეტული ექსპერტიზა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ მივიღებთ სახელმწიფოს მიერ მართული საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზაში მონაწილეობას.

ვიმეორებ, ვითხოვთ პარიტეტულ საწყისებზე შექმნილ კომისიურ სამედიცინო ექსპერტიზას, ყოვლისმომცველს, რომელიც დაადგენს წამების შესახებ ფაქტებს და დაეყრდნობა სტამბულის პროტოკოლს", - თქვა ადვოკატმა.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა და იმ შემთხვევაში, თუ დროული დახმარება არ გაეწევა, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები დადგეს.

"მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის მძიმე კვლავ. ზოგიერთის შეფასებით, არის ოდნავი გაუმჯობესებები, თუმცა ისინიც ამბობენ, რომ ეს არასაკმარისია მეტი გაუმჯობესების მოლოდინი არ აქვთ იმ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება. სხვა ექსპერტების აზრით, გაუმჯობესება არ არის და ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს, რომლის ზღვარის გადაბიჯების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვერასდროს ვერ აღდგება იმ მდგომარეობამდე ვიდრე იგი იქნებოდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მანვე პროკურატურას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოუწოდა, ექსპერტიზასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწრაფად მიიღონ.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი