კულტურის სფეროში პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება - "მთავარი არხის" ინფორმაციით, მინისტრმა თეა წულუკიანმა, გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს წასვლა მოსთხოვა.
ამ პოზიციაზე გასული 4 წლის განმავლობაში დავით ჩხარტიშვილი მუშაობდა და თანამდებობის ხელახლა დასაკავებლად, კონკურსში მონაწილეობას ისევ გეგმავდა, თუმცა წულუკიანმა კონკურსი გააუქმა.
დავით ჩხარტიშვილი ჯერჯერობით არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. ის ამბობს, რომ განცხადებას მედიასთან ხვალ გააკეთებს.
"გათავისუფლებული არ ვარ. ამომეწურა ხელშეკრულება, კონკურსი გამოცხადდა. სხვა დანარჩენს ვიტყვი ხვალ", - თქვა მან.
რაც შეეხება თეატრის დასის წევრებს, ისინი აღნიშნავენ, რომ ჩხარტიშვილი უკვე გამოემშვიდობათ. მათივე თქმით, თათბირს წინ უძღოდა წულუკიანის და ჩხარტიშვილის შეხვედრა, სადაც სავარაუდოდ, მინისტრმა თეატრის ხელმძღვანელს უთხრა, რომ ამ პოზიციაზე მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა.
"აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ყველასთვის, ადამიანმა თქვა, რომ ვიყავი მინისტრთან შესული და ჩემი საკითხი უარყოფითად არის გადაწყვეტილი სავარაუდოდო, დაგვემშვიდობა", - ამბობს მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე.
"არაფერი არ ვიცით, რატომ წავიდა. უბრალოდ თქვა, რომ წულუკიანთან მქონდა გუშინ 1 საათიანი საუბარიო და გადაწყდაო, რომ მე უნდა წავიდეო. მოვედი დასამშვიდობებლადო", - თქვა მსახიობმა, ლევან ოზბეგაშვილმა.
დავით ჩხარტიშვილი გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. მას ვადა სექტემბრის თვეში ამოეწურა და ამ დრომდე მოვალეობას ასრულებდა. თეატრში არ გამორიცხავენ, რომ თეა წულუკიანმა ხელმძღვანელად საკუთარი კადრი პირდაპირ, კონკურსის გარეშე დანიშნოს.