
გენერალი იგორ რომანენკოს თქმით, უკრაინაში ახლო მომავალში სამხედრო ვითარების გაუარესება მოსალოდნელია. როგორც რომანენკო ამბობს, ქვეყანაში ვითარება დაძაბულია, თუმცა უკრაინელები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთთან ბრძოლა მათი გამარჯვებით დასრულდება.
"უკრაინაში სიტუაცია ძალიან დაძაბულია. ჩვენი ინფორმაციით, ახლო მომავალში მოსალოდნელია სამხედრო ვითარების გაუარესება. უკრაინის მოქალაქეები მოვლენებს სიფრთხილით აკვირდებიან, მაგრამ მედგრად დგანან, რადგან რუსეთთან კონფლიქტი უკვე მერვე წელია რაც გრძელდება. საერთაშორისო პარტნიორები ხვდებიან, რომ ომის დაწყების საშიშროება არსებობს და გვიხარია, რომ გვეხმარებიან იარაღით. ვიცით, რომ ეს ბრძოლა უკრაინის და საქართველოს გამარჯვებით დასრულდება",- თქვა იგორ რომანენკომ.
უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. საზღვართან ასობით ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.