
"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარლამენტში მათი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი რეჟიმის საჯარო მხილება იქნება, თუ როგორ ეპყრობა ის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიას დღესვე დაარეგისტრირებენ.
"ჩვენ ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას, დღესვე დარეგისტრირდება ეს საგამოძიებო კომისია. მე მაქვს ხელში პარლამენტის დადგენილება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიაზე. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენ კოლეგებთან, ვიმუშავებთ ოპოზიციასთან იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კომისია რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ფრაქცია დღესვე დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას და ამ კომისიაზე მიხეილ სააკაშვილის წარდგენას და მის გამოკითხვას მოითხოვს.
ენმ-მ საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.