
უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან სერიოზული და მკაფიო განცხადებების გაკეთებას ისურვებდნენ. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, მეგობარი ქვეყნის დახმარება უფრო კონკრეტული იყოს.
"მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველომ საერთოდ არ დაუჭირა მხარი უკრაინას, რადგან საქართველოს ბევრი პოლიტიკოსი, ჩვენი მეგობრები, დელეგაცია, მხარს უჭერს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ ვისურვებდით უფრო კონკრეტული დახმარების მიღებას საქართველოსაგან, როგორიცაა შეიარაღება, ასევე, საქართველოს მთავრობისგან სერიოზულ და მკაფიო განცხადებების გაკეთებას ვისურვებდით.
ჩვენ ვგრძნობთ, რომ საქართველოს მოქალაქეები უკრაინის გვერდით არიან და ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი, მჯერა, რომ საქართველო და უკრაინა ევროპის დიდი ოჯახის წევრები გახდებიან", - თქვა ალექსეი გონჩარენკომ.
შეგახსენებთ, საქართველოს დროშა ვერ მოხვდა გუშინ რადას ტრიბუნაზე, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების დროშებს შორის. მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის პარლამენტში იმ ქვეყნების დროშები გამოიფინა, რომლებმაც მას სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს.
პარალელურად კი, "ქართულმა ოცნებამ" უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მთავარი აგრესორი - რუსეთი საერთოდ არაა ნახსენები.