ტერორისტი ანდერს ბრეივიკი, რომელმაც 70-ზე მეტი ადამიანი მოკლა, სასამართლომ ციხეში დატოვა. ნორვეგიის სასამართლოს განცხადებით, ის საზოგადოებისთვის ისევ საფრთხედ რჩება.
42 წლის ბრეივიკს სასამართლომ უმაღლესი სასჯელი - 21 წლით თავისუფლების აღკევთა მიუსაჯა, მან ციხეში უკვე 10 წელი გაატარა და სასამართლოს ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის მიმართა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ დროის განმავლობაში ბრეივიკმა არ აჩვენა, რომ მისი ექსტრემისტული შეხედულებები შემცირდა.
18 იანვარს, როდესაც ამ საკითხის განხილვა დაიწყო, ის დარბაზში ნაცისტური სალამით შევიდა.
ბრეივიკის ადვოკატმა განაცხადა, რომ ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, 2011 წელს ბრეივიკმა ოსლოში, პრემიერმინისტრის ოფისთან მანქანა ააფეთქა, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ახალგაზრდულ ბანაკში შეიჭრა და 69 ადამიანი მოკლა. მომხდარს 23 წლის საქართველოს მოქალაქე, თამთა ლიპარტელიანი ემსხვერპლა.