"ვფიქრობ, 1 კაცი ამას ვერ გააკეთებდა" - გორის საკრებულოს თავმჯდომარე კულტურის ცენტრში მოწყობილ ბიტკოინების ქარხანაზე

გამოქვეყნდა:

გორის კულტურის ცენტრში სამართალდამცველების მიერ მაინერების აღმოჩენასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე პირველ კომენტარს აკეთებს. ის ამბობს, რომ ცენტრში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია და იმედოვნებს, რომ საგამოძიებო უწყებები კითხვებს უახლოეს მომავალში ამომწურავ პასუხს გასცემენ. 

ამასთან, დავით რაზმაძე ვარაუდობს, რომ კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ქვათაძე დანაშაულის ჩადენისას დამოუკიდებლად არ მოქმედებდა.

"შესაბამისი სამსახურები სწავლობენ ამ თემას. ძალიან ძნელია კომენტარის გაკეთება სხვამაც იცოდა თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, ეჭვია, რომ ერთი კაცი ამ საქმეს ვერ გააკეთებდა. ცენტრის ხელმძღვანელმა გუშინ მითხრა, დიდი ხანია, ამაზე ეჭვი მქონდა და მივლენილი მყავდა ხალხი, რომ შეესწავლათ ეს თემაო, მაგრამ ვერაფერი იპოვეს", - თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი ქვათაძემ გორის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, გორში სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 დღის წინ ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მაინერები ამოიღეს. წყაროს ცნობით, გიორგი ქვათაძემ აღიარა, რომ მაინერები მას ეკუთვნოდა. ის დააკავეს და მასთან ერთად გამოკითხვაზე გადაიყვანეს ცენტრის სხვა მაღალჩინოსნებიც, თუმცა მოგვიანებით, ყველა მათგანი გაათავისუფლეს.

კულტურის ცენტრში ბიტკოინების ქარხანა 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ელექტროენერგიის გადასახადი თვეში 6 ათას ლარს აჭარბებდა, ჯამში კი ბიუჯეტმა 100 ათას ლარზე მეტი იზარალა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი