აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ის უკვე ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და კიდევ ერთხელ შეეცადა დაერწმუნებინა, რომ პროცესის დიპლომატიურად გადაჭრა საუკეთესო გამოსავალია.
ბლინკენის თქმით, მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიას მოჰყვება "მტკიცე, მასობრივი და ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხი"
"მე დღეს ველაპარაკე საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რათა მომეთხოვა დიპლომატიური რეზოლუცია უკრაინაზე. ვესაუბრე რუსეთის სამხედრო გაძლიერებასთან დაკავშირებით, რომელიც არ ყოფილა პროვოცირებული. მე გავიმეორე, რომ რუსეთის შემდგომ აგრესიას მოჰყვება მტკიცე, მასობრივი და ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხი",- თქვა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია შესაძლოა ნებისმიერ წუთს დაიწყოს. ოფიციალური ვაშინგტონი არ გამორიცხავს, რომ რუსული გეგმით, რომელსაც კრემლში ამუშავებენ, მოსკოვმა შესაძლოა, უკრაინაზე მასიური ავია-იერიშები განახორციელოს.ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს 48 საათში ქვეყნის დატოვების რეკომენდაციას აძლევს.
ცნობილია სამხედრო მოქმედებების დაწყების სავარაუდო დროც, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინაზე იერიში შესაძლოა, მიმდინარე ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე მიიტანოს. პარალელურად, სრულ მზადყოფნაშია უკრაინის შეიარაღებული ძალებიც.