
მოსკოვში გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა. შოლცის თქმით, ის იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში დიალოგისთვის სივრცე მოიძებნება.
ამასთან, როგორც გერმანიის კანცლერმა თქვა, უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზება "შესაძლოა ჩაითვალოს საფრთხედ, თუმცა ჩვენ ახლა გვესმის, რომ სამხედროების გაყვანა ხდება, რაც პოზიტიური სიგნალია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება".
"უკრაინის საზღვრების ხელშეუხებლობა განხილვის საკითხი არ იქნება, დიალოგი არ შეიძლება დასრულდეს ჩიხით, ეს იქნება კატასტროფა ყველასთვის. მნიშვნელოვანია, დიპლომატიის გზით წასვლა, იმისთვის, რომ ევროპაში ომი თავიდან ავიცილოთ",-თქვა შოლცმა შეხვედრის შემდეგ.
ასევე მისი თქმით, ევროპაში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რუსეთი გადამწყვეტი მოთამაშეა. "ევროპელებისთვის ცხადია, რომ გრძელვადიანი უსაფრთხოების მიღწევა, არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ რუსეთთან ერთად არის შესაძლებელი",-თქვა მან.
გერმანიის კანცლერის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთში გერმანული გამოცემა Deutsche welle-ს აკრძალვის საკითხი. შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ გამოცემას რუსეთში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემა.
რუსეთში აცხადებენ, რომ ბელარუსში წვრთნების შემდეგ, სამხედროების ნაწილის გაყვანას იწყებენ, თუმცა NATO-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის საზღვართან რუსული სამხედროების შემცირების ნიშანი არ ჩანს.
14 თებერვალს გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა. მისი ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, 16 თებერვალს შეიჭრას.
თეთრ სახლში ეჭვობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, "ნებისმიერ დღეს" შეიჭრას. რამდენიმე ქვეყანამ თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და საელჩოებში თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა.
12 თებერვალს ბაიდენი-პუტინის სატელეფონო საუბარი გაიმართა, თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ყველანაირი სცენარისთვის მზად არის და უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამერიკა და მისი მოკავშირეები რუსეთს "მძიმე საფასურს" დააკისრებენ.