
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რამდენიმე რუსული მექანიზებული ქვეითი დანაყოფი, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო წვრთნებზე იყო, დაღესტანსა და ჩეჩნეთში, თავიანთ ბაზაზე დაბრუნდა.
რუსული მედიის ცნობით, სამინისტრომ სამხედროების და ტანკების დაბრუნებასთან დაკავშირებით ვიდე-მასალაც გაავრცელა. უწყება ამბობს, რომ ბელარუსთან ერთად ჩატარებული სამხედრო წვრთნების შემდეგ ქვედანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან "როგორც ეს ყოველთვის ხდება".
რუსეთმა მანამდეც გაავრცელა ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით ვიდეო მასალა, თუმცა მოგვიანებით ამერიკამ თქვა, რომ უკრაინის საზღვრებთან მოსკოვმა 7 000-მდე ჯარისკაცი დაამატა. კიევიც და დასავლეთიც ეჭვობენ, რომ შესაძლოა, რუსეთი უბრალოდ სამხედრო ძალებს ანაცვლებდეს.
უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. 17 თებერვალს სტანიცა ლუგანსკში საოკუპაციო ძალებმა საბავშვო ბაღი დაბომბეს. არსებული ცნობებით, შენობაში ბავშვები იმყოფებოდნენ, დაშავებულია 2 ზრდასრული პირი.
აშშ-ში ამბობენ, რომ რუსეთი მსგავსი ქმედებებით ცდილობს, თავდასხმის საბაბი შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრაზე ინფორმაციას უარყოფს, დასავლეთს ომის მოლოდინი აქვს. რუსეთის და ბელარუსის სამხედრო წვრთნების დასკვნითი ღონისძიება 19 თებერვალსაა დაგეგმილი. ამ დრომდე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ რუსული სამხედრო ნაწილებია მობილიზებული.