"მთავარმა არხმა" იმ პირების იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც დღეს, კასპის საკრებულოს შენობაში ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და "მთავარი არხის" აპარატურა დააზიანეს.
დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ - კასპის პოლიციის უფროსი გიორგი ჩოქური, პოლიციის ინსპექტორი გენრი თაბურიძე, საკრებულოს აპარატის უფროსი ზურა ჩიტიშვილი, რომელმაც ერთ-ერთ სამოქალაქო აქტივისტს ცხვირი გაუტეხა.
ჩოქური შიდა ქართლის დეპარტამენტში დეტექტივების სამმართველოს ხელმძღვანელის პოზიციაზე იმ დროს მუშაობდა, როცა მერაბ ბერძენიშვილი (სამმართველოს უფროსი) ნარკოსკანდალის გამო გაათავისუფლეს. ჩოქური მის კადრად ითვლება.
სამართალდამცავები ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოების ნორმებს იცავდნენ და აგრესია არ გამოუჩენიათ, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს კადრები:
მომხდარის შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატები შენობაში სამართალდამცავებთან ერთად დარჩნენ და ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უყარეს კენჭი.
კასპის საკრებულოში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები. მათ ჟურნალისტები და დაზარალებულები უკვე გამოკითხეს, ახლა კი "ოცნების" დეპუტატებს კითხავენ. სახალხო დამცველი მომხდარს შეისწავლის და ანგარიშს გამოაქვეყნებს.
ადგილზე ისევ მობილიზებულია პოლიცია.