​​დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის - მიმართვა მაკრონს

გამოქვეყნდა:

100 მოქმედი და ყოფილი ევროპელი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, კულტურისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელი საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს მიმართავს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებები დაიწყოს.

"საფრთხე, რომელიც უკრაინისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებასა და მთლიანობას ემუქრება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტოა.

ერთის მხრივ, ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ უკვე მიიღო გაბედული გადაწყვეტილება. ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინას სამოქალაქო და სამხედრო დახმარება გაუწიონ. ამასთან დანიამ, ნიდერლანდებმა და ესპანეთმა აიღეს ვალდებულება, რომ რეგიონში სამხედრო ყოფნა გააძლიერონ. იგივესთვის ემზადება საფრანგეთი რუმინეთში.

მეორე მხრივ, ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან და NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად ახალი სანქციების სიაზე მუშაობს, იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ რუსეთის ფედერაციის მხრიდან კიდევ ერთი შეჭრა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯები შეკავების გაძლიერების მიმართულებით სწორია, შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი უკრაინის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტოვაში.

ამიტომ, ჩვენ მოგმართავთ თქვენ, განსაკუთრებით, იმ ქვეყნის პრეზიდენტის რანგში, რომელიც ახლა ევროპულ საბჭოს ხელმძღვანელობს, იმედით, რომ თქვენ ხელს შეუწყობთ სხვა ქვეყნების მთავრობებს შორის იმ ინიციატივის წახალისებას, რომელიც ამ კრიზისში ევროკავშირს ნამდვილ სტრატეგიულ მოთამაშედ აქცევს.

მას შემდეგ, რაც 2015 წელს ევროკავშირმა აღიარა "უკრაინის ევროპული მისწრაფებები" და მიესალმა "მის ევროპულ არჩევანს", დადგა დრო, მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი გახსნით, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა მივცეთ, იმ მიზნისთვის, რომ ინტეგრაციის პროცესი 10 წლის განმავლობაში დასრულდეს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებული კრიზისი ღია კონფლიქტში არ გადაიზრდება, უკრაინა კვლავ იქნება დესტაბილიზაციის საფრთხის პირობებში. 

რეფორმების ზუსტი და სავალდებულო გრაფიკი, რომელსაც გაწევრიანების პროცესი მოჰყვება, ამ ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, დიდი სტიმული იქნება და, შესაბამისად, სერიოზული ანტიდოტი ნებისმიერი მომავალი დესტაბილიზაციის მცდელობისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ შემოთავაზებას გაითვალისწინებთ",-ნათქვამია წერილში.

დასავლეთში ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის საბაბს ქმნის. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის დარწმუნებულია, მთავარი სამიზნე კიევი იქნება. 

რა ხდება უკრაინაში?

უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.

მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.

იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ის პუტინისთვის პერსონალურ სანქციებს განიხილავს. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი