
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი ერთიანად მუშაობს სანქციების პაკეტებზე და იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სანქციები დაუწესდებათ კონკრეტულ პიროვნებებს და იმ ობიექტებს, რომელიც რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
განცხადება ჯონსონმა მიუნხენის სამიტზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, უცნობია, მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება, თუმცა ნიშნები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.
"როგორც მე ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს ჩვენი ბოლო საუბრის დროს, ჩვენ გაერთიანებულ სამეფოში ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ დიპლომატია და დიალოგი შედეგს მოიტანს, თუმცა ამავე დროს საჭიროა რომ დღეს შექმნილ სიტუაციაზე გულწრფელად და დაუფარავად ვისაუბროთ.
დღეს, როდესაც 150 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მობილიზებულია უკრაინის საზღვართან და როდესაც 100-ზე მეტი ტაქტიკური ბატალიონი ემუქრება ამ ევროპულ ქვეყანას, ჩვენ ამ ვითარებაში უნდ ვიყოთ ერთიანი და გვესმოდეს, რა დევს სასწორზე.
თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ვიხილავთ დემოკრატიულ ქვეყნის განადგურებას, ქვეყნისა, რომელშიც ერთი თაობა დაიბადა და გაიზარდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების პირობებში.
ყოველთვის, როცა დასავლელი მინისტრები ჩადიან კიევში, ისინი ამბობენ, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. რაოდენ ცარიელი, უაზრო და შეურაცხმყოფელი გახდება ეს სიტყვები, თუ ახლა, როცა უკრაინის სუვერენიტეტს რეალურ საფრთხე ემუქრება, სხვა მხარეს გავიხედავთ. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას აპირებს პრეზიდენტი პუტინი, მაგრამ ნიშნები, რომლებიც მოდის, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა და ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ.
დიდი ბრიტანეთი აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად მტკიცედ დგას და მონაწილეობას იღებს უმკაცრესი სანქციების პაკეტის შედგენაში. თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ჩვენ სანქციებს დავუწესებთ პიროვნებებს და ინსტიტუციებს, რომელიც რუსეთის სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ აუცილებლად გავხსნით რუსეთის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, როგორც "მატროშკებს", რათა ნახოთ, ვინ იღებს სარგებელს მათი არსებობის შედეგად",- თქვა ბორის ჯონსონმა.
დასავლეთში ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის საბაბს ქმნის. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის დარწმუნებულია, მთავარი სამიზნე კიევი იქნება.
უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.
რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.
მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.
იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ის პუტინისთვის პერსონალურ სანქციებს განიხილავს. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.