
შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიუნხენში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრება აშშ და მისი მოკავშირეები მას სერიოზულ ეკონომიკურ ფასს გადაახდევინებენ.
ჰარისის თქმით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე პროვოკაციებს ახორციელებს, დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინაში შესაჭრელად ყალბი საბაბის შექმნას ცდილობს.
"ჩვენ ახლა გადამწყვეტ მომენტში ვართ და ყველას თვალები უკრაინისკენ არის მიმართული. არსებობს რუსეთის აგრესიის სახელმძღვანელო და ეს ძალიან ნაცნობია ყველა ჩვენგანისთვის. რუსეთი ფსონს დადებს უცოდინრობასა და გულუბრყვილობაზე და შექმნის უცხო ქვეყანაში შეჭრის ყალბ საბაბს.
ჩვენ ახლა მოგვდის ინფორმაცია, რომ უკრაინის ტერიტორიზე პროვოკაციები ხორციელდება და ვხედავთ, როგორ ავრცელებს რუსეთი დეზინფორმაციას, ტყუილებსა და პროპაგანდას. მიუხედავად ასეთი, თავხედური ქმედებებისა, ჩვენ სიმართლეს ფარდას ვხდით და ვსაუბრობთ ერთიანად. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები დიპლომატიის გზას მივყვებით. რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ ამავე დროს ზღუდავს დიპლომატიის შესაძლებლობებს, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია. მათი ქმედებები უბრალოდ არ ემთხვევა მათ სიტყვებს.
მინდა ნათლად განვაცხადო, რომ თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში აშშ და მისი მოკავშირეები მას სერიოზულ ეკონომიკურ ფასს გადაახდევინებენ,- თქვა კამალა ჰარისმა.
დასავლეთში ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის საბაბს ქმნის. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის დარწმუნებულია, მთავარი სამიზნე კიევი იქნება.
უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.
რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.
მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.
იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ის პუტინისთვის პერსონალურ სანქციებს განიხილავს. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.