
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CBS-თან ინტერვიუში ბელარუსი-რუსეთის წვრთნების გახანგრძლივებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს ყველაფერი ჯდება იმ სურათში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.
"ეს მათთვის არის საშუალება, აჩვენონ ყველა ის შესაძლებლობა, რაც მათ აქვთ. ეს რეგულარული წვრთნებია, მაგრამ ის დაგეგმილი იყო გასულ შემოდგომაზე და ეს ხდება ახლა - რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების დროს უკრაინაში. საბრძოლო ჯარების უდიდესი კონცენტრაციით, რაც ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ მინახავს. გასულ კვირას, ფაქტობრივად, რუსეთმა განაცხადა, რომ ისინი უკან დაიხევენ. თუმცა რუსეთი ძლიერდება მეტი ჯარით და კიდევ უფრო ახლოს უკრაინის საზღვართან. ეს წვრთნა, მათი თქმით, უნდა დასრულებულიყო და ახლა თქვეს, რომ ისევ გაგრძელდება. ასე რომ, ეს ყველაფერი ჯდება იმ სურათში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება",- თქვა სტოლტენბერგმა.
დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წუთს შეიჭრას და სამხედრო იერიში დაიწყოს. უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. რუსეთი და ბელარუსი კი სამხედრო წვრთნებს, რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, ახანგრძლივებენ.
აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა გენერლებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანება მიიღეს. ინფორმაციას CBS News ავრცელებს. მათი ცნობით, რუსი გენერლები ახლა თავდასხმის გეგმას ადგენენ.