თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა იყო თავდასხმა სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინის იდეაზე. მათი ცნობით, პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ ჯო ბაიდენი ჯერ ზელენსკის ესაუბრა, შემდეგ კი ერთობლივი სატელეფონო საუბარი შედგა მაკრონთან და კანცლერ შოლცთან.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა მკაცრად დაგმო პუტინის გადაწყვეტილება:
"ყველა ამ მოწოდებაში პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, როგორც საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის, ასევე იმ შედეგების შესახებ, რომლებსაც რუსეთს დავაკისრებთ, თუ ის შემდგომ შეიჭრება უკრაინაში.
რუსეთი აგრძელებს ამ კრიზისის ესკალაციას, რომელიც, პირველ რიგში, მან შექმნა. ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიის გატარებას ტანკების გაშვებამდე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ილუზიები იმის შესახებ, თუ რა იქნება მომავალში. და ჩვენ მზად ვართ გადამწყვეტად ვუპასუხოთ, როცა ეს მოხდება", - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრი სახლის სპიკერმა აღნიშნა, რომ ამერიკა აპირებს დამატებითი ნაბიჯების გადადგმას.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში აკრძალავს ახალ ინვესტიციებსა და ვაჭრობას ამერიკის მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, განკარგულებით სანქციები დაუწესდება პირებს, ვინც აღნიშნულ ტერიტორიაზე საქმის წარმოებას აპირებს. დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინა გამოაქვეყნებენ.